ცხოველების ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს ხშირად ევოლუციური პროცესი განაპირობებს. კატები ბუნებით მტაცებლები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ცხოველური ცილებით მდიდარი საკვები ესაჭიროებათ. სათანადო კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.
დაბალანსებული კვება ენერგიის დონის სტაბილიზაციისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის არის აუცილებელი. მაღალი ნუტრიციოლოგიური ღირებულების მქონე საკვები ორგანოთა ოპტიმალურ ფუნქციონირებას, მკვეთრ ხედვას, ძლიერ კუნთებსა და ჯანსაღ ბეწვს უზრუნველყოფს. სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებების ნაკლებობამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის გულის დაავადება, მხედველობის გაუარესება და საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია გამოიწვიოს.
იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოვკვებოთ კატა, რამდენად ხშირად და რა რაოდენობით, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის კეთილდღეობაზე.
კატების კვებითი საჭიროებები
ცილა და ამინომჟავები
კატებს დიდი რაოდენობით ცილა ესაჭიროებათ. სასიცოცხლო ფუნქციების მხარდასაჭერად, მათი სხეული სწორედ ცილებს ეყრდნობა. ამინომჟავა ტაურინი, რომელიც ცხოველურ ცილებში გვხვდება, გულის ჯანმრთელობის, მხედველობისა და რეპროდუქციული ფუნქციებისთვის არის მნიშვნელოვანი. ტაურინის ნაკლებობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების, მათ შორის კარდიოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია.
ცხიმები და ცხიმოვანი მჟავები
ცხიმები ენერგიის კონცენტრირებული წყაროა. ისინი ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E და K) შეწოვას უწყობენ ხელს. ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები არა მხოლოდ შემეცნებით ფუნქციას, არამედ კანისა და ბეწვის ჯანმრთელობასაც აუმჯობესებენ. ცხიმების ნაკლებობამ შესაძლოა კანის სიმშრალე და ბეწვის მტვრევადობა გამოიწვიოს.
ნახშირწყლები
ძაღლებისგან განსხვავებით, კატებს ნახშირწყლების მონელების შეზღუდული უნარი აქვთ. ენერგიის საჭირო დონის უზრუნველსაყოფად, მათთვის ნახშირწყლების მცირე რაოდენობაც სავსებით საკმარისია. გადაჭარბებულმა ოდენობამ შესაძლოა სიმსუქნე და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. როგორც წესი, მაღალი ხარისხის კატის მშრალი საკვები მინიმალური ოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს.
ვიტამინები და მინერალები
კატებს სჭირდებათ კარგად დაბალანსებული საკვები, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ეს ნუტრიენტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ სხეულის ძირითადი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის.
მაგალითად, A ვიტამინი კარგი მხედველობის, ძლიერი იმუნური სისტემისა და ჯანმრთელი კანისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. კატებს ბეტა-კაროტინის A ვიტამინად გარდაქმნა არ შეუძლიათ. ამის გამო, მათ A ვიტამინი ცხოველური წყაროებიდან უნდა მიიღონ.
A ვიტამინის მსგავსად, კატებს არც D ვიტამინის მზის სხივებისგან სინთეზი შეუძლიათ. D ვიტამინი კალციუმის შეწოვისთვის არის მნიშვნელოვანი. კალციუმისა და ფოსფორის დისბალანსმა შესაძლოა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. კომერციული კატის საკვები სწორედ ამ თანაფარდობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.
რა გავითვალისწინოთ კატის მშრალი საკვების შერჩევისას?
ასაკი
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე კატებს განსხვავებული კვებითი საჭიროებები აქვთ. ასაკის შესაბამისი დაბალანსებული ფორმულა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების გარანტია.
კატების მეტაბოლიზმი ასაკის მატებასთან ერთად ნელდება. ამ პროცესს კალორიების მინიმალური ოდენობით წვა და მადის სტაბილიზაცია ახლავს თან. ასაკის მატებასთან დაკავშირებული სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, გამოცდილ ნუტრიციოლოგთან კონსულტაციას და კატის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული წონის მართვის გეგმის შემუშავებას გირჩევთ.
სტერილურობა
სტერილიზაციით გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებები ხშირად კატის მეტაბოლიზმს ანელებს. სტერილიზაციამ შესაძლოა უნებლიედ შეუწყოს ხელი ჭარბი წონის მატებას. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, გირჩევთ ნუტრიციოლოგის პოსტოპერაციულ მითითებებს მიჰყვეთ და შეარჩიოთ დაბალანსებული საკვები, რომელიც სპეციალურად სტერილური კატებისთვის არის შექმნილი.
ჯანმრთელობის მდგომარეობა
ჯანმრთელობის პრობლემის მქონე კატებისთვის საკვების შერჩევისას მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს მიანიჭეთ უპირატესობა. მოერიდეთ გემოს ხელოვნურ გამაძლიერებლებს, შემავსებლებსა და არასაჭირო ნახშირწყლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს მეტაბოლური პრობლემები აქვს.
გახსოვდეთ, ჯანმრთელობის ყოველი პრობლემა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ამის გამო, მუდმივად იქონიეთ კავშირი ვეტერინარ-ნუტრიციოლოგთან და მხოლოდ პროფესიონალურ რჩევებზე დაყრდნობით მიიღეთ საკვების შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
რა ოდენობის საკვებით გამოვკვებოთ კატა?
საკვების რეკომენდირებული ოდენობა ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ასაკზე, ჯიშზე, ზომაზე, აქტივობის დონესა და გენეტიკურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. მშრალი საკვების ტომრებზე ეს ინფორმაცია ეტიკეტის სახით არის დატანილი. ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად, ამ ინსტრუქციის გათვალისწინება და პროპორციების დაცვა მნიშვნელოვანია.
კნუტებისგან განსხვავებით, ზრდასრული კატებისთვის, დღის მანძილზე, ორჯერადი კვებაა რეკომენდირებული. საკვების დიდი ოდენობით მიწოდებამ შესაძლოა ჭარბი ცხიმის დაგროვება და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გამოიწვიოს. ზედმეტი კვებით პროვოცირებული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებაში ვეტერინართან თანამშრომლობა და კატის სხეულის მასის რეგულარული მონიტორინგი დაგეხმარებათ.
როგორ გადავიყვანოთ კატა ახალ საკვებზე?
ახალ საკვებზე გადაყვანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს – ძველ საკვებთან ახლის შერევით და შემდეგ სრულად ჩანაცვლებით. სამი დღის განმავლობაში, ახალი საკვების დაახლოებით 25% შეურიეთ ძველ საკვებს, მეოთხე დღეს თანაფარდობა ერთმანეთს გაუტოლეთ (50%-50%) და მხოლოდ მე-10 დღიდან გადაიყვანეთ კატა ახალ საკვებზე.
გახსოვდეთ, სველი და მშრალი საკვების მკვეთრი მონაცვლეობა მიზანშეწონილი არ არის. კატის საჭმლის მომნელებელი სისტემა და კუჭის მიკროფლორა გარკვეული ტიპის საკვებთან არის ადაპტირებული. ამის გამო, მკვეთრი ცვლილება შესაძლოა პირღებინების ან დიარეის მიზეზი გახდეს. თუ ორივე ტიპის საკვების გამოყენებას დააპირებთ, ყურადღებით დააკვირდით თქვენი ოთხფეხა მეგობრის რეაქციას, მადას, ფეკალური მასების კონსისტენციასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.
კატებისთვის საზიანო საკვები
ოთხფეხა მეგობრების კვებისას ხშირად გაუცნობიერებლად ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილი ბევრი საკვებია კატებისთვის უსაფრთხო, არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომელთა შეთავაზებისგან კატეგორიულად უნდა შევიკავოთ თავი. ტოქსიკური საკვები პროდუქტების ჩამონათვალს შოკოლადი, ყურძენი, ქიშმიში, ხახვი, ნიორი, ავოკადო, ძვლები და უმი ხორცი მიეკუთვნება.
უმი ხორცი ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ მიკროორგანიზმებს, ნაწლავის ჩხირის ბაქტერიასა და სალმონელას შეიცავს. ამან შესაძლოა თქვენს შინაურ ცხოველთან ერთად თქვენს ჯანმრთელობასაც შეუქმნას საფრთხე. აღსანიშნავია ისიც, რომ უმი თევზის ფერმენტი თიამს, ბ1 ვიტამინს ანადგურებს. ამის გამო, სასურველია ხორცი მოხარშულ ან ნახევრად მოხარშულ მდგომარეობაში შევთავაზოთ კატას.
უმი კვერცის მიღებაც დაუშვებელია კატებისთვის. თუ დაგემოვნებაზე უარს არ იტყვიან, შეგვიძლია კვერცხი მოხარშული სახით, კვირაში ერთხელ შევთავაზოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლაქტოზის აუტანლობის გამო, არც ძროხის რძეა კატებისთვის რეკომენდირებული.
თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი მისთვის აკრძალულ საკვებს შემთხვევით დააგემოვნებს და ეს ჩვეული ქცევის უეცარ ცვლილებას გამოიწვევს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.