კომპანიონი ცხოველების კვებასთან დაკავშირებული, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, მხოლოდ სანდო წყაროებს, მათ შორის ვეტერინარებისა და შინაური ცხოველების კვების სპეციალისტების მოსაზრებებს უნდა ვეყრდნობოდეთ.
დეზინფორმაციისთვის თავის არიდება და გავრცელებული მცდარი წარმოდგენების მიღმა არსებული სიმართლის გაგება დაგვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ცხოვრების ხარისხს.
ამ მიზნით, სტატიაში, ვუპასუხებთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მოვიცავთ იმ ძირითად თემებს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებენ. არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი მშობელი ხართ თუ პირველად გხვდათ წილად ძაღლის ყოლის ბედნიერება, ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესოდ იზრუნოთ თქვენს ოთხფეხა მეგობარზე.
მშრალი თუ სველი კვება? რომელი სახის საკვებია უკეთესი ძაღლისთვის?
იმის გამოსავლენად თუ რა ტიპის საკვებია თქვენი ძაღლისთვის უკეთესი, სასურველია კონსულტაცია ვეტერინარ-ნუტრიციოლოგთან გაიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ ფორმულა, რომელიც სათანადოდ დააკმაყოფილებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს.
სანამ ნუტრიციოლოგს ესტუმრებით, სიამოვნებით შეგიქმნით წარმოდგენას მშრალი და სველი საკვების უპირატესობებზე.
რა უპირატესობა აქვს მშრალ საკვებს?
მოხერხებულობისა და ხანგრძლივი შენახვის ვადის გამო, მშრალი საკვები კომპანიონი ცხოველების მშობლებისთვის პოპულარული არჩევანია. მაღალი ხარისხის მშრალი საკვები აუცილებელი საკვები ნივთიერებების სწორი თანაფარდობით იქმნება. პრემიუმ მშრალი საკვების ფორმულები სრული და დაბალანსებულია.
გრანულების ხრაშუნა ტექსტურა ნადების დაგროვებას ამცირებს და კბილების გაჯანსაღებას უწყობს ხელს. სველ საკვებთან შედარებით, მშრალი საკვების წინასწარ განაწილებაც ბევრად უფრო მარტივია. თუ საკვების თასში დატოვებას გადაწყვეტთ, არც იმაზე მოგიწევთ ფიქრი, რომ შესაძლოა, სახლში დაბრუნებულს, საკვები გაფუჭებული დაგხვდეთ. მშრალი საკვები „სისავსის“ უფრო ხანგრძლივ განცდას იწვევს, რაც წონის კონტროლისთვისაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ კომპანიონი ცხოველებისთვის, რომელთაც მოჭარბებული მადა აქვთ.
მშრალი საკვები ზოგადად უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე სველი საკვები. მისი შეძენა მცირე რაოდენობით, პორციებადაც შეიძლება. სველი საკვებისგან განსხვავებით, მშრალი საკვები არც მაცივარს საჭიროებს გახსნის შემდეგ. კოგნიტური სტიმულაციის გზით, ძაღლის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მისი თავსატეხებსა და ნელ მკვებავებ თასებში ინტეგრირებაც ბევრად იოლია.
რა უპირატესობა აქვს სველ საკვებს?
სათანადო ჰიდრატაცია აუცილებელია ძაღლის საერთო ჯანმრთელობისთვის, საჭმლის მონელების, თირკმელების ფუნქციონირებისა და ტემპერატურის რეგულირებისთვის. თუმცა, ზოგიერთ ძაღლს ბუნებრივად აქვს დაქვეითებული წყურვილის შეგრძნება, რამაც შესაძლოა დეჰიდრატაციის, საშარდე გზების ინფექციებისა და თირკმელების პრობლემების რისკი გაზარდოს.
ასეთ შემთხვევებში სველი საკვებით კვება პრაქტიკული გამოსავალია. სველი საკვები სათანადო ჰიდრატაციას მაშინაც კი უზრუნველყოფს, თუ ძაღლს წყლის თასიდან დალევა არ სურს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ტიპის საკვების რბილი ტექსტურა შესაძლოა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს ხანდაზმული ან სტომატოლოგიური პრობლემების მქონე ძაღლებისთვის.
რამდენად ხშირად უნდა მიირთვას ძაღლმა?
სხვა უამრავ კითხვას შორის, რომელსაც ახალბედა და გამოცდილი მშობლები სვამენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპანიონი ცხოველის კვების სიხშირეა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მკაცრი წესი იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა მიირთვას ძაღლმა, ყველაზე გავრცელებული რეკომენდაცია დღეში ორჯერ კვებაა.
ძაღლებს კუჭის მარტივი ანატომია აქვთ. საკვების მიღების შემდეგ, კუჭი რამდენიმე საათში, საკვების წვრილ ნაწლავში გადასვლასთან ერთად იცლება. საკვების მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ, ცარიელი კუჭი ტვინში სიგნალს აგზავნის და შიმშილის რეაქციას ასტიმულირებს. ამის გამო, დღეში მინიმუმ ორი კვება საუკეთესო არჩევანია თქვენი ძაღლისთვის.
კვების რეგულარული გრაფიკის რღვევა შესაძლოა დაავადების გამაფრთხილებელი ნიშანიც იყოს. როდესაც კომპანიონი ცხოველები ერთსა და იმავე დროს მიირთმევენ, ეს ჩვევა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ძლიერდება. თუ ძაღლი მოულოდნელად დაიწყებს საკვების თასში დატოვებას, ეს ვეტერინართან ვიზიტის ჩანიშვნისთვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.
სამედიცინო პრობლემების ან სპეციალური დიეტური საჭიროებების მქონე ძაღლებს შესაძლოა კვების ინდივიდუალური გრაფიკი დასჭირდეთ. ამ მიზნით პროფესიონალს გაესაუბრეთ. კონსულტაცია დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ კომპანიონი ცხოველის ნუტრიციოლოგიურ მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებთ.
რეკომენდებული პორციის ზომა საკვების შეფუთვაზე გადაამოწმეთ და თქვენი ძაღლის საჭიროებებზე დაყრდნობით შეცვალეთ. გახსოვდეთ, კვების თანმიმდევრული გრაფიკის დაცვით და ინდივიდუალურად რეგულირებული პორციებით, შეძლებთ დაეხმაროთ თქვენს ძაღლს გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და იცოცხლოს რაც შეიძლება დიდხანს.
რომელ საკვებ პროდუქტებს მოვარიდოთ ძაღლი?
გარკვეული საკვები შესაძლოა მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც კი ტოქსიკური აღმოჩნდეს ძაღლებისთვის. ამ უსიამოვნო გამოცდილების თავიდან ასაცილებლად, გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ძაღლისთვის შეთავაზებისგან თავის შეკავება გვმართებს.
კვების პროცესში სიფრთხილის გამოჩენა და მავნე საკვების კომპანიონი ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას შენახვა აუცილებელია. თუმცა, თუ სიფრთხილის ზომების პირობებშიც კი, თქვენმა ძაღლმა შეძლო და ტოქსიკური საკვები შემთხვევით დააგემოვნა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. კვებითი ინტოქსიკაცია შესაძლოა ღებინების, დიარეის, ტრემორის, კრუნჩხვების, სუნთქვის გაძნელებისა და ჭარბი ნერწყვდენის სახით გამოვლინდეს.
ხილი და ბოსტნეული
- ყურძენი და ქიშმიში – შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
- ხახვი, ნიორი და პრასი – შესაძლოა დააზიანოს სისხლის წითელი უჯრედები და გამოიწვიოს ანემია.
- ავოკადო – შეიცავს პერსინს, რომელიც ტოქსიკურია ძაღლებისთვის.
- ალუბლის თესლი, ღერო და ფოთლები – შეიცავს ციანიდს, რომელიც ტოქსიკურია ძაღლებისთვის.
- უმწიფარი პომიდორი, მისი ღერო და ფოთლები – შეიცავს ძაღლებისთვის ტოქსიკურ ნივთიერებას, სოლანინს, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
- სოკო (ველური ან ტოქსიკური ჯიშები) – შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ინტოქსიკაცია.
სასმელი და რძის პროდუქტები
- ალკოჰოლი – იწვევს ღებინებას, დიარეას, სუნთქვის გაძნელებასა და სიკვდილსაც კი.
- კოფეინირებული სასმელები (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები) – შესაძლოა გამოიწვიოს გულის პალპიტაცია, კრუნჩხვები და ტრემორი.
- რძე და რძის პროდუქტები – ლაქტოზის აუტანლობის გამო, შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.
დამუშავებული საკვები
- ქსილიტოლი (გვხდება კანფეტებსა და ცომეულში) – უკიდურესად ტოქსიკურია ძაღლებისთვის. შესაძლოა ღვიძლის უკმარისობა და ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს.
- შოკოლადი (ყველა სახის, განსაკუთრებით მუქი და საკონდიტრო შოკოლადი) – შეიცავს თეობრომინს, რომელიც ტოქსიკურია ძაღლებისთვის.
- მარილიანი პროდუქტები (ჩიფსები, პრეცელი, პოპკორნი) – მარილის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ნატრიუმით მოწამვლა გამოიწვიოს.
- უმი ცომი (საფუარით) – შესაძლოა კუჭში გაფართოვდეს და შებერილობა გამოიწვიოს.
თხილეული
- მაკადამიის თხილი – შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ღებინება, ტრემორი და ჰიპერთერმია.
- ნიგოზი და პეკანი – შესაძლოა შეიცავდეს ობს, რომელიც ძაღლებისთვის მავნე ტოქსინებს შეიცავს.
- უმი კეშიუ და ნუში – ძნელად მოსანელებელია და შესაძლოა სულის შეხუთვა გამოიწვიოს.
- მუსკატის კაკალი – შეიცავს მირისტიცინს, რომელიც ტოქსიკურია ძაღლებისთვის.
ხორცი, ძვლები და ზღვის პროდუქტები
- უმი ან ცუდად მოხარშული ხორცი და კვერცხი – შესაძლოა შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ ისეთ ბაქტერიებს, როგორიც სალმონელა ან ეკოლია.
- მოხარშული ძვლები (ქათმის, ღორის, საქონლის) – შესაძლოა შინაგანი დაზიანებები გამოიწვიოს.
- ცხიმიანი ხორცი (ბეკონი, ლორი, ხორცის ცხიმიანი ნაჭრები) – შესაძლოა გამოიწვიოს პანკრეატიტი.
- უმი თევზი – შესაძლოა შეიცავდეს ძაღლისთვის მავნე პარაზიტებს ან ბაქტერიებს.
ძაღლის კვებასთან დაკავშირებული მითები და მცდარი წარმოდგენები
ძაღლების კვების შესახებ არაერთი მცდარი მოსაზრება არსებობს. ამ მითების მიღმა არსებული სიმართლის გაგება თქვენი ძაღლისთვის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.
შინაურ ცხოველებს არ აქვთ გემოს ძლიერი შეგრძნება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რითი გავუმასპინძლდებით
ძაღლის ენას, პირის ღრუსა და ხორხს აქვს პაწაწინა გამონაზარდები, რომლებსაც გემოვნების ბოლქვები ეწოდება. ეს ბოლქვები გემოს შეგრძნებაზე ორიენტირებულ 1700 რეცეპტორს შეიცავენ. ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ადამიანის პირის ღრუში არსებულ 9000 რეცეპტორს, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლები გემოს ვერ აღიქვამენ. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს შესანიშნავად შეუძლიათ ამოიცნონ ტკბილი, მჟავე, მარილიანი და მწარე გემო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გემო მხოლოდ გემოვნების რეცეპტორების წყალობით არ შეიგრძნობა. გემოს აღქმაზე ყნოსვაც დიდ გავლენას ახდენს. ძაღლის ცხვირის ღრუში განლაგებული ყნოსვის რეცეპტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გემოს შეგრძნებაში. მეცნიერთა შეფასებით, გემოს შეგრძნების 75%-ს სწორედ ყნოსვის რეცეპტორები განაპირობებენ.
უმი ხორცი ძაღლებისთვის საუკეთესო საკვებია
ძაღლისთვის საუკეთესო, დაბალანსებული კვება მხოლოდ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების სწორი თანაფარდობით მიიღწევა. ამის მიუხედავად, ბევრს სჯერა, რომ რადგან ძაღლები მგლების შთამომავლები არიან, უმი ხორცი აუცილებლად უნდა იყოს მათი რაციონის განუყოფელი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გარკვეულ გენეტიკურ მსგავსებას იზიარებენ მგლებთან, ისინი ათასობით წელია ადამიანების გვერდით ცხოვრობენ და მათი ნუტრიციოლოგიური საჭიროებებიც ამის შესაბამისად შეიცვალა. დღეს, ძაღლებს სხვადასხვა საკვების, მათ შორის ხილის, მარცვლეულისა და ბოსტნეულის მონელებაც უპრობლემოდ შეუძლიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თერმულად დაუმუშავებელი ხორცი ხშირად კომპანიონი ცხოველებისთვის სახიფათო ბაქტერიებს, სალმონელასა და ეკოლის შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ბაქტერიების ძაღლიდან ადამიანზე გავრცელების რისკი დიდია. სიფრთხილის მიზნით, უცხიმო ხორცი ყოველთვის თერმულად დაამუშავეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეთ კომპანიონ ცხოველს.
ნასუფრალით ძაღლის გამოკვება დასაშვებია
ძაღლებისთვის საკვების ნარჩენებით კვება მიღებული პრაქტიკაა ბევრ ოჯახში, მაგრამ რწმენა, რომ ეს მათი კვების უსაფრთხო და დასაშვები გზაა, მითია. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებმა შეიძლება სიამოვნებით მიირთვან ნარჩენები, ადამიანის საკვები ყოველთვის არ არის შესაფერისი მათი საჭიროებისთვის და შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ჩვენთვის საყვარელი კერძები ხშირად შეიცავენ შაქარს, მარილს ან სანელებლებს, რაც აგრეთვე სერიოზული პრობლემაა ძაღლის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
ძვლები, განსაკუთრებით თერმულად დამუშავებული, კიდევ ერთი ფარული საფრთხეა. მიუხედავად საზოგადოდ გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ძაღლების ძვლებით კვება ბუნებრივია, მოხარშული ძვლები ადვილად იშლება და შესაძლოა დახრჩობა, შინაგანი დაზიანება ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბლოკირება გამოიწვიოს.