როგორ ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობარზე? რა თქმა უნდა, მათთვის საჭირო, სრულად დაბალანსებული საკვების შერჩევით. თუმცა, ხშირად გადაწყვეტილების მიღება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ მრავალფეროვანი არჩევანი და სწორი საკვების შერჩევასთან დაკავშირებული უამრავი კითხვა არსებობს.
რას უნდა შეიცავდეს ძაღლის საკვები რომ მას დაბალანსებული და კომპანიონი ცხოველისთვის საჭირო ვუწოდოთ? ამისთვის მაღალი ხარისხის ნედლეული და ძირითადი ნუტრიენტების სწორი ბალანსია საჭირო.
მაღალი ხარისხის ნედლეული
საკვები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს. ის კვების ექსპერტების მიერ უნდა იქმნდებოდეს და დამზადებამდე უნდა გადიოდეს მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს. ნედლეული მხოლოდ სრულფასოვანი შემოწმების შემდეგ უნდა გამოიყენებოდეს წარმოების პროცესში.
საკვებში შემავალი მაღალი ხარისხის ინგრედიენტები გემოს ხელოვნური გამაძლიერებლებისა და დაბალი ხარისხის სუბპროდუქტების გარეშე უზრუნველყოფენ, რომ ძაღლები მათთვის საჭირო ნუტრიენტებს დაბალანსებული რაოდენობით იღებენ. ხელოვნურმა შემავსებლებმა, კონსერვანტებმა და ჭარბმა მარცვლეულმა შესაძლოა სიმსუქნე, ალერგია და ქრონიკული დაავადებებიც კი გამოიწვიოს. ნაკლები კვებითი ღირებულების მქონე ამ ინგრედიენტებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის საკვებს ძაღლები უკეთ ითვისებენ.
ხარისხიან საკვებში ინვესტირებით ვეტერინარული ხარჯების შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.
დაბალანსებული ფორმულა & ნუტრიციოლოგიური ღირებულება
საკვები ჩვენს კომპანიონ ცხოველს გემრიელ გამოცდილებასთან ერთად დაბალანსებულ ნუტრიციოლოგიურ ღირებულებასაც უნდა სთავაზობდეს. საუკეთესო შემთხვევაში, საკვები კომპანიონი ცხოველის სასიცოცხლო ფუნქციების მხარდასაჭერად საჭირო ყველა ძირითადი მინერალის სწორ ბალანსს უნდა უზრუნველყოფდეს და ძაღლის კვებით საჭიროებებსაც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს. შინაური ცხოველისთვის შერჩეული ფორმულა სასარგებლო ნივთიერებებს სწორი თანაფარდობით უნდა შეიცავდეს. იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, ის ანტიოქსიდანტებით და ომეგა მჟავებით უნდა იყოს მდიდარი.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი ჯიშია თქვენი მეგზური, სრულფასოვანი კეთილდღეობისთვის, თქვენს ოთხფეხა მეგობარს ცილის მაღალი შემცველობა ესაჭიროება. ცილა ძაღლის სხეულის საშენი მასალაა, ამიტომ ის მშრალი საკვების ენერგეტიკული ღირებულების 20-25%-ს უნდა შეადგენდეს. მაღალი ხარისხის ცხოველური ცილა (ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი, თევზი) კუნთების ტონუსს, იმუნიტეტის ძლიერებას, კანის ჯანმრთელობასა და ბეწვის ბზინვარებას უწყობს ხელს.
ცილებისგან განსხვავებით, ენერგიის წყაროდ ცნობილი ნახშირწყლები საკვების ენერგეტიკული ღირებულების 35-40%-ს უნდა შეადგენდეს. ამ პროცენტულ მაჩვენებელში მოიაზრება საკმარისი რაოდენობის ბოჭკოც, რომელიც საკვების მონელებას უწყობს ხელს.
ცხიმიც საჭიროა ენდოკრინული სისტემის სტაბილურად მუშაობისთვის, რადგან საკვებიდან მიღებული ვიტამინების დიდი რაოდენობა სწორედ ცხიმში იხსნება. საჭმლის დარჩენილი ნაწილი ვიტამინებისა და მინერალების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. ისინი ორგანიზმში ქიმიური პროცესების სწორად წარმართვას უწყობენ ხელს და ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორის ზრდასთან ერთად, სისხლში შაქრის დონესაც არეგულირებენ.
პროდუქტში მკაცრად უნდა იყოს დაცული აგრეთვე ვიტამინებისა (მაგ., A, D, E და B) და მინერალების (მაგ., კალციუმი, ფოსფორი და მაგნიუმი) ბალანსი. ეს ნერვული სისტემის განვითარებასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის სიჯანსაღისთვისაც არის მნიშვნელოვანი. სახსრების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად საკვებში გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატის შემცველობაც არანაკლებ საყურადღებოა.
რა გავითვალისწინოთ საკვების შერჩევისას?
ძაღლის ასაკი
ენერგიის, ცილების, მინერალებისა და ვიტამინების თვალსაზრისით, საკვები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ზრდასრული ძაღლის კვებით საჭიროებებს. ლეკვებისგან განსხვავებით, ზრდასრულ ასაკში ძაღლებს განსხვავებული ნუტრიციოლოგიური საჭიროებები აქვთ. განვითარების საწყის ეტაპზე, ზრდის პროცესის მხარდასაჭერად, ლეკვის საკვები შედარებით მეტი რაოდენობით ცილას, ცხიმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმსა და ქლორიდს უნდა შეიცავდეს. ამის საპირწონედ, ზრდასრულ ძაღლებს ნაკლები კალორია და სახსრების ჯანმრთელობისთვის რეკომენდირებული სპეციფიკური საკვები ნივთიერებები ესაჭიროებათ.
თუ დიდი ზომის ძაღლი ლეკვის საკვებით იკვებება, ჯიშისთვის განკუთვნილ ზომამდე მისაღწევად მას მეტი დრო დასჭირდება. ამის გამო, საკვების კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ბალანსის კალკულაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადეკვატური ენერგიის უზრუნველსაყოფად და ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად, ზრდასრული ძაღლისთვის შექმნილი ფორმულა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაბალანსებულ ოდენობას უნდა შეიცავდეს. სწორი ბალანსის შემთხვევაში, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, თირკმელებისა და ღვიძლის, გადატვირთვისგანაც იქნება დაცული.
ზრდასრული და ხანდაზმული ძაღლების რაციონი ინგრედიენტების თვალსაზრისით ხშირად ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ საკვები, რომელიც კუნთის მასის შესანარჩუნებლად ცხიმის, ანტიოქსიდანტებისა და ცილების დაბალანსებულ რაოდენობას შეიცავს.
ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა
იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ორსულადაა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სასურველია ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე შევარჩიოთ მისთვის რეკომენდირებული საკვები.
ვინაიდან, დიდი ზომის ძაღლები ხშირად ორთოპედიული დაავადებების რისკ ჯგუფში არიან, განვითარების მდგრადი ტემპის უზრუნველსაყოფად, მათი ნაკლებად კონცენტრირებული საკვებით გამოკვებაა რეკომენდირებული. ასეთ შემთხვევაში, სასურველია უპირატესობა ისეთ საკვებს მიანიჭოთ, რომელიც, სახსრების ფუნქციის მხარდასაჭერად, გლუკოზამინსა და ქონდროიტინს შეიცავს.
კუჭის პრობლემებისადმი მიდრეკილების ან ჭარბი წონის შემთხვევაში, დაბალკალორიული საკვები თქვენი ოთხფეხა მეგობრის ფიზიკურ კეთილდღეობასთან ერთად საჭმლის მომნელებელ ფუნქციასა და მეტაბოლიზმაც ეფექტურად გააუმჯობესებს.
როგორ გადავიყვანოთ ძაღლი ახალ საკვებზე?
თუ თქვენი ძაღლის საკვების შეცვლას აპირებთ, ეს თანდათანობით, ზედმეტი ძალდატანების გარეშე გააკეთეთ. მოულოდნელი ცვლილებით გამოწვეული სტრესის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, ახალი საკვები (25%) ძველ საკვებთან (75%) ერთად შესთავაზოთ კომპანიონ ცხოველს.
თანაფარდობა მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეცვალეთ და ამჯერად ახალი და ძველი საკვები ძაღლს თანაბარი რაოდენობით შესთავაზეთ. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ახალი საკვების წილი 75%-მდე გაზარდეთ, ძველი საკვების წილი კი 25%-მდე შეამცირეთ. ამის შემდეგ უკვე შეძლებთ, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი სრულად გადაიყვანოთ ახალ საკვებზე.
პროცესის ეტაპობრივად წარმართვა მნიშვნელოვანია. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ძაღლის კუჭ-ნაწლავს ახალ საკვებთან უმტკივნეულოდ შეჩვევის შესაძლებლობას მისცემს.