კნუტის კვება

თუ გსურთ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჯანმრთელ ზრდასრულ კატად იქცეს, მისი სათანადო კვებით უზრუნველყოფაა აუცილებელი. თუმცა, ეს პროცესი, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, კვებითი მოთხოვნილებების გულდასმით გათვალისწინებას საჭიროებს. 

ვინაიდან, კნუტების ნუტრიციოლოგიური მოთხოვნილებები ზრდასრული კატების კვებითი თავისებურებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, საჭიროა მათ სპეციალურად ფორმულირებული, მაღალი ხარისხის საკვებით გავუმასპინძლდეთ.

დაბალანსებული კვება კნუტების სწორი ზრდა-განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასაკის შესაბამისი მითითებების დაცვით და კვებასთან დაკავშირებული საზოგადო შეცდომების თავიდან არიდებით, თქვენი კნუტისთვის ცხოვრების საუკეთესო დასაწყისის უზრუნველყოფას შეძლებთ. 

კნუტის ნუტრიციოლოგიური საჭიროებები

ზრდასრული კატებისგან განსხვავებით, აქტიური ცხოვრების წესის მხარდასაჭერად და სწორი ზრდა-განვითარების ხელშესაწყობად, კნუტებს ცილებით, ცხიმებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები ესაჭიროებათ. 

ცილა ქსოვილის საშენი მასალაა. განვითარების ადრეულ ეტაპზე, ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კნუტის საკვები დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს ცილას. ამის გამო, სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ საკვებს, რომელიც ძირითად ინგრედიენტად მაღალი ხარისხის პროტეინს (საქონლის ხორცი, ქათამი, ინდაური ან თევზი) ასახელებს. ამ წესის დაცვით შერჩეული საკვები კუნთების, ძვლებისა და კბილების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის, კალციუმი და ფოსფორიც აუცილებელია. თუმცა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მალფუნქციის თავიდან ასაცილებლად, ამ ელემენტების მიღება სწორი ბალანსის დაცვითაა რეკომენდირებული. ნუ დავივიწყებთ ნურც ტაურინის, ომეგა ცხიმოვანი მჟავებისა და ვიტამინების სათანადო ოდენობით მიღების მნიშვნელობას.

მოერიდეთ საკვებს ხელოვნური დანამატებით. კონსერვანტებმა და საღებავებმა შესაძლოა ალერგია ან, გრძელვადიან პერსპექტივაში, ცხოვრების ხარისხის გაუარესება გამოიწვიონ. მცირე კვებითი ღირებულების გამო, დაბალი ხარისხის შემავსებლებსა და ქვეპროდუქტებს (სიმინდს, ხორბალსა და სოიოს), დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ.

ახალშობილი კნუტების კვება 

დაბადების შემდეგ, პირველი 4-6 კვირის მანძილზე, კნუტებს დედა კვებავს. ბუნებრივი კვებისთვის დამახასიათებელი ნუტრიენტები კნუტის ნუტრიციოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისია. დედის რძე აუცილებელ საკვებ ნივთიერებებთან ერთად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საჭირო ანტისხეულებსაც შეიცავს. 

თუ გარკვეული მიზეზების გამო, კნუტს დედის რძის მიღება არ შეუძლია, სასურველია მისთვის მაღალი ხარისხის კატის რძის შემცვლელი ფხვნილი შევიძინოთ. კვების პროცესს შპრიცი, პიპეტი ან წვრილი საწოვარა გაგიმარტივებთ. 

2 კვირის მანძილზე, თქვენს პატარა მეგობარს თითო კვებაზე დაახლოებით 2-6 მლ-ით გაუმასპინძლდით. ამ ეტაპზე, სასურველია ინტერვალი 2 საათს არ აღემატებოდეს. 2 კვირის შემდეგ, კნუტის კვების ინტენსივობა 3-4 საათამდე გაზარდეთ და ამჯერად, დღე-ღამის განმავლობაში, წონის შესაბამისად, ყოველ 100 გრამზე 45მლ საკვები შესთავაზეთ. ასპირაციის თავიდან ასაცილებლად, კვებისას დარწმუნდით, რომ კნუტი მუცელზე წევს. 

მყარ საკვებზე გადასვლა

მყარ საკვებზე გადასვლას კნუტები დაახლოებით 4-6 კვირის ასაკში იწყებენ. ამ ეტაპზე, სასურველია მათ სპეციალურად კნუტებისთვის ფორმულირებული, მაღალი ხარისხის მშრალი საკვებით გავუმასპინძლდეთ. პორციის ზომა ხშირად საკვების ბრენდზეა დამოკიდებული, თუმცა, როგორც წესი, კნუტს დღის განმავლობაში 3-4-ჯერ, თითო კვებაზე დაახლოებით 1/2 ჭიქა საკვები ესაჭიროება. 

დარწმუნდით, რომ თქვენს ოთხფეხა მწგობარს მაღალი ხარისხის საკვებთან ერთად სუფთა წყალზეც მუდმივად აქვს წვდომა. კნუტს წყალი ყოველ 2 საათში ერთხელ გამოუცვალეთ. გახსოვდეთ, ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ცივი წყლის მიღება რეკომენდირებული არ არის. 

დაბალანსებული კვების პარალელურად, დარწმუნდით, რომ თქვენი კნუტი წონაში სტაბილურად იმატებს. თვალყური ადევნეთ, აგრეთვე, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიც დიარეა ან ყაბზობაა.

12 თვის ასაკში კნუტი მაღალი ხარისხის ზრდასრული კატის საკვებზე უნდა გადავიყვანოთ. თუმცა, მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სასურველია ახალ საკვებზე გადასვლის პროცესი შეძლებისდაგვარად ნელა, 7-10 დღის მანძილზე წარვმართოთ. 

რჩევები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ

  • კნუტის გამოსაკვებად ძროხის ან თხის რძის გამოყენება დაუშვებელია. სხვა სახეობის ცხოველის მიერ წარმოებულ რძეს კნუტისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები აკლია. 
  • ნუ ეცდებით კნუტისთვის შოკოლადის, უმი კვერცხის ან ძვლების შეთავაზებას. ამ პროდუქტების მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
  • ნუ გაუზიარებთ კნუტს თქვენი ლეკვის საკვებს. მაღალი ხარისხის, სრულად დაბალანსებული ფორმულის შემთხვევაშიც კი, ლეკვის საკვებით კნუტის  ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს ვერ დავაკმაყოფილებთ. 
  • გახსოვდეთ, ბალანსი მნიშვნელოვანია. საკვების ჭარბად მიღებას სიმსუქნის გამოწვევა, არასრულფასოვან კვებას კი ზრდის შეაფერხება შეუძლია.
  • დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ თქვენს კნუტს მუდმივად აქვს წვდომა სუფთა წყალზე. 
  • კნუტს საკვები ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მიაწოდეთ. ასეთ შემთხვევაში, მადასთან დაკავშირებულ ცვლილებებს იოლად შეამჩნევთ (მადის ცვლილება ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს). 
  • თუ სახლში რამდენიმე კნუტი ცხოვრობს, სასურველია ყველას საკუთარი ჯამი ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ოთხფეხა მეგობრები მშვიდად შეძლებენ კვებას და თქვენც იოლად შეძლებთ იმის გაკონტროლებას, რომ ყველა მათგანი მისთვის განკუთვნილ პორციას მიირთმევს. 

მსგავსი სიახლეები